ნატო–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა „კონსტრუქციული, პრაგმატული და სამაგალითოა“, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა თბილისში 11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„მე აღვნიშნე, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავდაცვის სფეროს რეფორმებში, რაც საქართველოსა და ნატოს შორის შესანიშნავი სამხედრო თანამშრომლობის საშუალებას იძლევა ყველა დონეზე“, – განაცხადა მან.
აღნიშნა რა, რომ საქართველო ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ავღანეთში კოალიციის ძალებში წვლილი შეაქვს, დანიელი გენერალი ასევე მიესალმა საქართველოს დაპირებას, რომ ფინანსურად და წვრთნებით დაეხმარება ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ნატოს 2014 წლის შემდგომ მისიაში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას 2015 წელს თავისი წვლილი შეიტანოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.
„ეს დინამიზმი სამხედრო ჩართულობის თვალსაზრისით ნატოს მიმართ საქართველოს ერთგულების მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა და მოუთმენლად ველით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ“, – განაცხადა გენერალმა ბარტელსმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტმა, რომელიც სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი 11 თებერვალს დაიწყო. კომიტეტი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება, 12 თებერვალს თბილისში სხდომას გამართავს, რომელშიც საქართველოს გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა გენერალ ბარტელსთან შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის „ფორმატები“ განიხილეს. მისი თქმით, საქართველო სთავაზობს ნატოს, რომ ქვეყანა ავღანეთიდან ტვირთების ტრანზიტისთვის ერთ–ერთ მარშრუტად იქნას გამოყენებული.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი არის საქართველოს მიმართ „მტკიცე მხარდაჭერის“ ნიშანი, რაც „მნიშვნელოვანია იმპულსია ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის“.
მან იმედი გამოთქვა, რომ რეფორმებში საქართველოს პროგრესი„სათანადოდ“ შეფასდება ნატოს სამიტზე უელსში 2014 წლის სექტემბერში, რაც, მისი თქმით, ნატო–საქართველოს თანამშრომლობას „ახალ ეტაპზე“ გადაიყვანს.
11 თებერვალს გენერალი ბარტელსი ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)