ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სავარაუდოდ დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდების საქმესთან დაკავშირებით „ჯეოსელში“ შემოწმებას ახორციელებას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 14 თებერვალს.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
"ჯეოსელი" შვედურ–ფინური მობილური ოპერატორის „თელიასონერას“ ჯგუფის წევრია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა „საგამოძიებო მოქმედებები“ კომპანია "ჯეოსელში" 13 თებერვალს დაიწყეს.
საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამეტის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 218–ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით გადასახადის გადახდისგან თავის არიდებას. „დანარჩენ ინფორმაციას და დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გაავრცელებს ჩვენი სამსახური“, – განაცხადა მან.
14 თებერვალს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში „ჯეოსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენმა განაცხადა, რომ კომპანია გამჭირვალედ მუშაობს, ის ერთ–ერთი უმსხვილესი გადამხდელია საქართველოში და გადასახადებისთვის თავის არიდების არანაირი მიზეზი არ ჰქონია. მისი თქმით, სამწუხაროდ, კომპანიისთვის უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
"მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. ჯეოსელი გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", – ნათქვამია განცხადებაში.
„თელიასონერას“ მიერ 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში წმინდა გაყიდვები ადგილობრივ ვალუტაში 4.1%–ით შემცირდა, ძირითადად 2013 წლის პირველ ნახევარში წაგებული სახელმწიფო ტენდერის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)