პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იგი ვერ ხედავს, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენდეს საქართველოზე, რათა მას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში ხელი შეუშალოს, თუმცა საჭიროა "უაღრესად ყურადღებით" ყოფნა.
14 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „სიმშვიდე“ იქნებოდა „აბსულუტურად არასწორი“, მაგრამ „პანიკაც იქნებოდა არაადეკვატური“.
„პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე საქართველოს სუვერენიტეტზე ზეწოლა იმ თვალსაზრისით, რომ არ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ასეთ რამეს მე ვერ ვხედავ… ეს უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ არ შევქმნათ ილუზია იმისა, რომ რაღაც ზეწოლა ხორციელდება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა რომ ამას ის „ამ ეტაპზე“ ვერ ხედავს.
„ვართ თუ არა უაღრესად ყურადღებით ამ საკითხის მიმართ? რა თქმა უნდა ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენივე ტრაგიკული გამოცდილება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის და ჩვენ გვაქვს მაგალითი უკრაინის. აქედან გამომდინარე, ჩვენ უაღრესი ყურადღებით ვუყურებთ რა ხდება – იქნება თუ არა ასეთი ზეწოლა. დღეს ასეთი ზეწოლა არ ხორციელდება,“ – განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებობს „სიმტკიცის გარანტიები“ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიოს ასეთ ზეწოლას, თუ ის სამომავლოდ იქნება. „ეს სიმტკიცის გარანტიები ბუნებრივია არის ხელისუფლებაში და არის აგრეთვე საზოგადოებაში… ქართული საზოგადოებაა გაერთიანებული ამ ღირებულების და ამ ვექტორის მიმართულებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პოტენციური მაღალი დონის ქართულ–რუსული შეხვედრა უნდა ემსახურებოდეს „რაციონალური“ განხილვის დაწყებას ძირითად პრობლემებზე „მშვიდ“ გარემოში. მან ასევე განაცხადა, რომ „ისტერიული“ ფონი ორმხრივ ურთიერთობებში დასრულებულია და უნდა დაიწყოს არსებული პრობლემების რაციონალური განხილვის მცდელობები.
„ის, რომ საქართველოსთვის პრობლემები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, უაღრესად მტკივნეული პრობლემები, არ განიხილება სამხედრო გადაწყვეტის ფორმატში, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ამას იქით, ჩვენ გვინდა, რომ ვაჩვენოთ იმ ადამიანებს, ვისაც ვესაუბრებით რუსეთის მხრიდან, რომ მზად ვართ რაციონალურ კონტექსტში განვიხილოთ რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი და რომ დღევანდელი მდგომარეობა, რაც არ უნდა ის მტკივნეული იყოს ჩვენთვის, ქართველებისთვის, არანაირად არ არის მომგებიანი რუსებისთვის და ასევე არანაირად არ არის მომგებიანი მავრთულხლართებს იქით დარჩენილი საქართველოს მოქალაქე აფხაზებისთვის და ოსებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „ამ კონტექტსში გადაყვანა დიალოგის არის ის, რაც არის ჩვენი მიზანი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)