Site icon Civil.ge

ალასანია: საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს

ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მის სამხედრო მისიაში მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კვირას. 

„ჩვენ, ქართული მხარე, ამ წინადადების განხილვის სტადიაში ვართ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აცნობებს მათ, როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია განახორციელონ, რათა დაახლოებით 6 თვემდე ვადით დროებითი მხარდაჭერა აღმოუჩინონ და დედაქალაქ ბანგის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ იმისათვის, რომ შეიქმნას ყველა პირობა ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს  მონაწილეობის შესახებ.

მართალია ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო ჯერ კიდევ განიხილავს ამ თხოვნას, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა ჟურნალისტებს 16 თებერვალს: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“.      

„საქართველო არა მარტო მომხმარებელი უნდა იყოს ევროპული უსაფრთხოების, არამედ კონტრიბუტორიც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და კარგია, რომ საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სისტემაში თავის წვლილს შეიტანს“, – განაცხადა მან.  

„როიტერი“ იტყობინებოდა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, რომ საქართველომ ევროკავშირის კიდევ ხუთ არაწევრ სახელმწიფოსთან – კანადასთან, ნორვეგიასთან, სერბეთთან, თურქეთთან და აშშ–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში 13 თებერვალს გამართულ "ძალების მობილიზაციის" კონფერენციაში და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ ოპერაციაში.   

Agence France-Presse (AFP) იტყობინებოდა 16 თებერვალს ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, რომ საქართველოს შეუძლია 100–მდე სამხედრო გაგზავნოს ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

ამჟამად, საქართველოს 1 560 სამხედრო ჰყავს ავღანეთში და ის მეხუთე უმსხვილესი კონტრიბუტორია ISAF–ის მისიაში აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და იტალიის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)