Site icon Civil.ge

აშშ-ის ‘დამატებითი დახმარების’ დაპირება ევრო-ატლანტიკურ გზაზე



აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 თებერვალს ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე განცხადებები გააკეთეს. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოტო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 26 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ორმხრივი „სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“ და განაცხადა, რომ საქართველოსთვის „დამატებითი დახმარების“ აღმოჩენა იგეგმება მის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერის მიზნით. 

„დღეს მე ვაკეთებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამატებითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ხედვაში, კერძოდ კი დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაში და იმ სიძნელეების შემსუბუქებაში, რასაც ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ საზღვრის გავლების პროცესი იწვევს“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა; „დამატებითი დახმარების“ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე–4 პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ შედგა. თავის შესავალ სიტყვაში სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა „კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვის“, ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის და ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე „თანაბარი პირობების“ უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია არის მექანიზმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე სამუშაოდ, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა, ხალხთა შორის კონტაქტები და კულტურის სფეროში თანამშრომლობა.

ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მას „ძალიან კარგი ორმხრივი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, რომლის დროსაც მათ მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს  წინაშე არსებული „ეკონომიკური და საგარეო გამოწვევები“, ასევე საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კუთხით და სიტუაცია უკრაინაში.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. საქართველო შეთანხმების ხელმოწერას შემოდგომამდე გეგმავს. 

„ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ჩვენი მოწოდება არ არის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩვენს ან რომელიმე სხვა მხარეს შორის რაიმე თამაში ნულოვანი შედეგით. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ხალხმა შეძლოს არჩევანის თავისუფლების გამოყენება და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შესაძლოა არ მოიცავდეს სხვებთან ჩართულობას“, – განაცხადა კერიმ.

მან განაცხადა, რომ აშშ–ს და საქართველოს „ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვთ, რომელიც ბევრ საკითხზეა ფოკუსირებული“ და ხაზი გაუსვა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანი მიესალმა საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ „პროცესის გამჭირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვანი იყო“.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაეყრდნოთ ამ მიღწევებს და თანაბარი პირობები უზრუნველყოთ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე“, – განაცხადა კერიმ და დასძინა, რომ დემოკრატია სარგებელს იღებს ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციით. „ამრიგად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად იმუშავონ, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს და დებატებს საქართველოში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს ქვეყანას“.

მიესალმა რა საქართველოს პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში, მან ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას „სწრაფად განახორციელოს თავისი გეგმები“, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას და ინვესტიციებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვა და ამ პროცესის მიმართ მტკიცე ერთგულება ხელს შეუწყობს ინვესტორების ნდობის მოპოვებას და ეს კატალიზატორის როლს შეასრულებს ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში და გაზრდის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას“, – განაცხადა მან. 

„მოვუწოდებთ ყველა ქართველს გაერთიანდნენ იმისათვის, რომ წინ იყურონ, ხოლო წარსული წარსულში დატოვონ“, – დასძინა კერიმ.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მზად არის გააძლიეროს ვაჭრობა და ინვესტიციები საქართველოსთან და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევის მიმართ, რომ „გახდეს რეგიონალური სავაჭრო ცენტრი, რასაც ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და უწყვეტი რეგიონალური თანამშრომლობა დასჭირდება“.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ–ის მხარდაჭერა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო მომავალში გახდება ალიანსის წევრი.

„ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებულ იქნას ყველა წევრის მიერ ნატოს წლევანდელ სამიტზე“, – განაცხადა კერიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგებისკენ არის მიმართული, ასევე თბილისის ძალისხმევას, რომ კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას მიაღწიოს.

„ჩვენ კვლავაც ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, მილიტარიზაციას და საზღვრის გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები და უზრუნველყოს თავისუფალი შესვლა ჰუმანიტარული დახმარებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ კერის თქმით, ის მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს, რომელიც შესაძლოა გაზაფხულზე განხორციელდეს.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც 24 თებერვალს პრეზიდენტ ობამას და ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა,  კომისიის სხდომაზე თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ საქართველო „ყოველთვის მყარად იდგა ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ყოველ სიტუაციაში“.

„თქვენმა მხარდაჭერამ ძლიერი სტიმული მოგვცა ჩვენს განზრახვაში, რომ გავმკლავებოდით დემოკრატიის გაძლიერების ხშირად რთულ, მაგრამ საპატიო ამოცანას, განსაკუთრებით ჩვენს რთულ რეგიონში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართული ტერიტორიის 20%–ზე მეტი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)