საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების „მძიმე შეცდომაა“, როცა ისეთი „მრჩეველი“ ჰყავს, როგორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
სააკაშვილი ბოლო დღეები კიევში იმყოფებოდა, რათა, როგორც მან თავად განაცხადა, უკრაინის ხელისუფლებას რჩევებით დახმარებოდა. ამჟამად, სააკაშვილი დუბლინში იმყოფება ევროპის ხალხთა პარტიის (EPP) სამიტზე დასასწრებად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, EPP-ის პარტნიორია.
„გაოცებული ვარ პირდაპირ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს. მე მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული და გარკვეულ რჩევებს ეკითხებიან და მე ვნახე კადრები… როდესაც მიხეილ სააკაშვილს უშიშროების სამსახურის უფროსი, უშიშროების მინისტრი ესაუბრება და მას რჩევებს ეკითხება. მე მგონი ეს შეცდომაა და მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი და პროვოკაციას პირდაპირ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში, რომელიც 6 მარტს გავიდა ეთერში.
„როდესაც ასეთ კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, მე მგონი, ეს ძალიან დიდი შეცდომაა“, – დასძინა მან.
„მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არ არის იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა [თემურ ალასანია], რომელსაც ‘კარგი’ წარსული აქვს, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია – ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში… მე უბრალოდ ვურჩევდი მეგობრულად ამ ადამიანებს [უკრაინის ხელისუფლებას], რომ სულ უფრო ნაკლებად დაენდონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, ვინაიდან ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ადამიანებს მეგობრულ და სასარგებლო რჩევებს აძლევს“, – განაცხადა მან.
„ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება“, – განაგრძო ღარიბაშვილმა, „მე შეიძლება მეგობრულად გავაფრთხილო და ვურჩიო უკრაინის მოქმედ პასუხისმგებელ პირებს, რომ მათ ეს გაითვალისწინონ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია, მისი რადიკალური ხასიათი, მისი ავანტიურისტული მიდგომები საკითხებისადმი“.
„მეუბნებიან, რომ [ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი] გია ბარამიძე ჰყავს [უკრაინის მოქმედი] შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად; მითხრეს გუშინ, რომ [ძებნილი ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ] ადეიშვილი ჩაყავთ ასევე მრჩევლად; და [ასევე ძებნილი, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი] დათა ახალაია მიყავთ კიდევ მეორე მრჩევლად. ეს ძალიან მძიმე იქნება და მეგობრული რჩევაა ჩემი, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ. ეს ყველაფერი გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ვნახეთ ამ ადამიანებმა რამხელა კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა. და მე არ ვისურვებდი უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში, რომ იგივე განმეორდეს უკრაინაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„კრიზისების დროს ასეთი ადამიანების გვერდში ყოლა, ეს არის საკუთარი თვითმკვლელობის ტოლფასი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ისეთი რადიკალის“ მრჩევლად მიყვანა, როგორიც სააკაშვილია, „არის კატასტროფული შედეგის მომტანი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)