Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ევროკავშირს ‘წევრობის მკაფიო დაპირებისკენ’ მოუწოდებს

უკრაინის მსგავსი კრიზისი შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს, თუ ევროკავშირი წევრობის მკაფიო პერსპექტივას არ მისცემს „აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მარტს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან“.

„მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – დასძინა მან.

იმავე კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც შეეხო ამ საკითხს და განაცხადა, რომ მკაფიო ევროპული პერსპექტივა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.

“ასოცირების პროცესს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამ კუთხით, „მოწინავე“ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მკაფიო და ძლიერი გზავნილები ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული წარმატებული რეფორმების გატარებას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

იმავდროულად, თბილისის ცენტრში 27 მარტს ადამიანების მცირე ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაგანაც ერთს რუსეთის დროშა ეკავა ხელში. მათ პრო–რუსული აქციის ჩატარება და რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურდათ. თუმცა, მათ რუსეთის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს. რამდენიმე რუსეთის მხარდამჭერი, რომლებიც პუშკინის სკვერში მართავდნენ აქციას, ორგანიზაცია „დედამიწა ჩვენი სახლია“ წევრები არიან. ამ ორგანიზაციამ 2012 წლის ბოლოს აქცია გამართა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვის მოთხოვნით.

კვირის დასაწყისში ადამიანების მცირე ჯგუფი თბილისის ცენტრში ნატოს წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე შეიკრიბა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევრაზიის ინსტიტუტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად, მისი ვებგვერდის თანახმად, "რჩება რუსულ-ქართული ურთიერთობები – როგორც ამ ურთიერთობების ანალიზი, ისე მათი გაუმჯობესებისათვის პრაქტიკული ხელშეწყობა". 24 მარტს ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიების პარალელურად ასევე გაიმართა კონტრდემონსტრაცია, რომელიც რაღაც მომენტში მცირე შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)