პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა სამშაბათს, რომ კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ვერავინ ვერ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას“ საქართველოში.
მან ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში „დესტაბილიზაციის“ გამოწვევა სურს და მისი მიზანი შესაძლოა „სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა“ იყოს.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ინფორმაციამ უბიძგა მინისტრს ასეთი განცხადების გაკეთებისკენ, ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტებს: „რა ინფორმაცია არსებობს დეტალურად ამის თაობაზე ჩემი მხრიდან საუბარი არასწორია. ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, რომ მინისტრმა განმარტოს“.
„საგანგაშო და განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, რომელიღაც არანორმალურ ადამიანს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ, რომელმაც ამ ბრალდებებს „სისულელე“, „ძალიან არასერიოზული“ და „ბოდვა“ უწოდა, განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებას გეგმავს.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა: „მინდა ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ გაბედავს დესტაბილიზაციის მოწყობას და თუ ვინმეს ექნება მსგავსი მცდელობა ან სურვილი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უმკაცრესად დაისჯება“.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული რეაქციები მოყვა შინაგან საქმეთა მინისტრის საგაზეთო ინტერვიუს.
დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას შესაბამისი ინფორმაციის არქონის გარეშე; მან განაცხადა 8 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არაფერია გამორიცხული. ვოლსკის თქმით, მას სჯერა იმის, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
თუმცა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 8 აპრილს, რომ ის ურჩევდა ალექსანდრე ჭიკაიძეს თავი შეიკავოს ამგვარი განცხადებების გაკეთებისგან.
კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას ამგვარი ბრალდებები სერიოზულად, თინა ხიდაშელმა უპასუხა: "არა, მე არ მიმაჩნია სერიოზულად, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ".
მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ასეთი დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. მან ასევე განაცხადა, რომ ჰიპოთეტურადაც რომ დაუშვა ამგვარი საფრთხის არსებობა, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს და არა ლაპარაკობდეს.
"ეს ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი", – განაცხადა ხიდაშელმა.