Site icon Civil.ge

რუსეთმა დარიალის ხეობაში მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონას დიზელის საწვავი მიაწოდა

რუსულმა მხარემ საქართველოს 18 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა იმ მძიმე ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რომელიც დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩახერგილ ტერიტორიას წმენდს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 მაისს.  

17 მაისს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე თერგის კალაპოტი ჩახერგა და ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზის ნაწილი დააზიანა, ნაწილი კი დატბორა, რის შედეგადაც სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან მიახლოება შეუძლებელი გახდა. სასაზღვრო საგუშაგოსთან მისვლა სახმელეთო გზით მხოლოდ რუსეთის მხრიდან არის შესაძლებელი. 

რამდენიმე ბულდოზერი და მძიმე ტექნიკა, რომლებიც დარიალჰესის მშენებლობაზე გამოიყენებოდა, ჩახერგილი ტერიტორიის მეორე მხარეს დარჩა და ახლა ისინი ხეობაში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.  

ვინაიდან გზა ჩაკეტილია, ერთადერთი საშუალება დარიალის ხეობის მეორე მხარეს მისასვლელად, ვერტმფრენია. თუმცა, შსს–ს ცნობით, ვერტმფრენით საწვავის მიწოდება შეუძლებელი იყო. ამავე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ ლარსის მხრიდან მიწოდებულმა საწვავმა მძიმე ტექნიკის „შეუფერხებელი“ მუშაობა  უზრუნველყო.

19 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთს დახმარებისთვის.

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაკარგულად ითვლება დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად, რამაც ასევე დააზიანა გაზსადენი, რომლითაც რუსული გაზი საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდებოდა.