ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას 27 ივნისს საქართველოს სახელით ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს, ნაცლად პრეზიდენტისა, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა ხელშეკრულების ხელმოწერის სურვილი, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ამ თემას არ „გამოედავება“.
„ამ თემაზე დავასრულოთ სპეკულირება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა ამას, თუ ვინ უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა თუ პრემიერმა. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირებაზე მოაწერს ხელს პრემიერ-მინისტრი ანუ მოვაწერ მე“, – განუცხადა 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
როცა მას ჰკითხეს „ეს მსჯელობა პრეზიდენტთან შედგა?“, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „არა. მთავრობამ იმსჯელა… მე ასევე გახლავართ კოალიციის ლიდერი და ჩვენ გუნდში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერ-მინისტრი მოაწერს ამას ხელს“. შემხვედრი შეკითხვისთვის „გუნდში არ შედის პრეზიდენტი?“, ღარიბაშვილს პასუხი აღარ გაუცია და სხვა თემაზე განაგრძო კომენტარის გაკეთება.
მანამდე, პარასკევს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი იქნება პრემიერ-მინისტრი მთელი რიგი სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების გათვალისწინებით.
ამ საკითხებს შორის მან ჩამოთვალა ის ფაქტორები, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს თავიდანვე აწარმოებდა მთავრობა, რომელსაც არ მიუცია პრეზიდენტისთვის უფლებამოსილება, რომ მას წარემართა ეს მოლაპარაკებები ან ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებისთვის – მართალია კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ მას ამ მიმართულებით თავის ქმედებებში მთავრობის თანხმობა სჭირდება. ამასთან, თადუმაძის განცხადებით, თუ ხელშეკრულებას პრეზიდენტი მოაწერდა ხელს, დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ვერ შეიძენდა იურიდიულ ძალას ხელმოწერის მომენტიდანვე, რაც „გარკვეულ გაუგებრობას“ გამოიწვევდა საერთაშირისო ასპარეზზე.
„მთავრობა სამართლებრივად და პრაქტიკულად შეუძლებლად წარმოიდგენს იმას, რომ მისცეს თანხმობა პრეზიდენტს განახორციელოს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მთავრობის შესასრულებელი და მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ განსახორციელებელი მოქმედებებია“, – განუცხადა თადუმაძემ პარასკევს ჟურნალისტებს.
საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებას, ბოლო პერიოდის აქტიური განხილვის თემაა იმ არსებული სპეკულაციის ფონზე, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ, რაც აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა პირველად 20 მაისს დააფიქსირა თავისი პოზიცია საჯაროდ და განაცხადა, რომ „უპრიანი“ იქნება, თუ ის, როგორც სახელმწიფო მეთაური, მოაწერს ხელს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, თუმცა ასევე დასძინა, რომ „ლეგიტიმური იქნება, რომ სხვა პირმაც მოაწეროს ხელი“.
ამ განცხადების გაკეთების დრო დაემთხვა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ევროკომისიასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ ასოცირების ხელშეკრულების მოახლოებული ხელმოწერა იყო.
„მაშინ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი იმყოფება ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ბრიუსელში, ასეთი განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას.
22 მაისს, ვიდრე მთავრობა თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თემა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.
„ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ხელმოსაწერი კონსტიტუციის მიხედვით… მაგრამ ამავე დროს მას აქვს უფლება დელეგირების [მთავრობაზე]“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს განსაკუთრებული სპეკულაციის თემა არ უნდა იყოს“.
მისივე თქმით, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას აქვს მზაობა, რომ დაიხვეწოს მინისტრთა კაბინეტთან კოორდინირება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის მიმართულებით.