„ყველაფერი კარგად იქნება“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დაგეგმილ ხელმოწერაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 22 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ თბილისს უნდა ესმოდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შარშან ქართული პროდუქციის იმპორტზე ემბარგო მოხსნა. რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენული უფლებები სხვათა უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა განხორციელდეს და ამ კონტექსტში მან ნატოში საქართველოს მისწრაფება ახსენა და დასძინა, რომ მოსკოვი „შეაშფოთა“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც ირაკლი ალასანიამ დასავლელ პარტნიორებს საქართველოში „თავდაცვითი შეიარაღების“ განთავსებისკენ მოუწოდა.
„ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ რეალურად ამ ძალიან მოკლე დროში არის ის, რომ ჩვენ რუსეთთან დავალაგეთ ურთიერთობები და მოვახდინეთ ამ ურთიერთობების ნორმალიზება და დეესკალაცია იმ დაძაბულობის, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა 23 მაისს ჟურნალისტებს ბიზნესმენთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.
„იცით ალბათ, რომ რუსეთი ძალიან ადეკვატურად აფასებს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს თანმხვედრი ნაბიჯები და მე ყოველთვის მივესალმები მათ კონსტრუაქციულ და პოზიტიურ პოლიტიკას ასევე. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი არ ჩაერევიან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა მან.
იგი მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ კიდევ უფრო გააფართოვოს რუსულ ბაზარზე ნებადართული ქართული სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების სია.
26 მაისიდან საქართველო შეძლებს პომიდვრის, დაფასოებული ახალი კარტოფილის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივის, კენკრის ექსპორტს რუსეთში.
„მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესება და პოზიტიური დინამიკა გვაქვს ურთიერთობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.