საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიესალმა საქართველოს „პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ და აშშ–ის შემდგომი მხარდაჭერის პირობა დადო.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ღრმა და აქტიური პარტნიორობა ჩამოაყალიბეს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი საერთო ვალდებულებას ეფუძნება“, – ნათქვამია გზავნილში, „რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
„ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით ძლიერია. ვაფასებთ თქვენი სამხედრო ძალების ერთგულებას, რომლებიც ავღანეთში და სხვა მისიებში მსახურობენ, რომლებიც უფრო მშვიდობიან და აყვავებულ მსოფლიოს ქმნიან. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მისალოც გზავნილში.