საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს თავის სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის „შეუქცევად“ ევროპულ კურსს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე „განსაკუთრებულია“, რადგანაც ერთ თვეში საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
„ისტორიულად ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ამიტომაც უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის, დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ცივილიზებული სახელმწიფოს ძლიერება, პირველ რიგში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა. თითოეული ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა დემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი ღირებულებაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღირებულებები საქართველოში იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი რიგი ღონისძიებებით აღინიშნება დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებში. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიციაზე. თუმცა შარშანდელი დამოუკიდებლობის დღის მსგავსად, სამხედრო კომპონენტი კვლავ წარმოდგენილია, რადგანაც თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში სხვადასხვა ჯავშანმანქანები და შეიარაღებაა გამოფენილი ქუჩებში. თავისუფლების მოედანზე ჯარისკაცების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, რომლის დროსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ახალწვეულებს სიტყვით მიმართავენ.
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით. სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე – ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში.
„მე მჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მან.
„ჩვენ ყველანი მონაწილე ვართ იმ ისტორიული პროცესებისა, რომლებიც სინამდვილედ აქცევს ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას. საქართველო უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მან განაცხადა, რომ „ჩვენმა რელიგიამ, ტოლერანტობამ, კაცთმოყვარეობამ და სამშობლოს სიყვარულმა, მისთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა“. „ეს ის ძალა იყო, რამაც გადაარჩინა საქართველო და სწორედ ეს ძალა დააყენებს ახლაც ჩვენს ქვეყანას ფეხზე“, – დასძინა მან.
„საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის“.
„საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში და მჯერა, საქართველო ამას შეძლებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჩვენი ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ „სწორედ ასე შემოვაბრუნებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ჩვენსკენ“.
„აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ ერთ ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში“, – განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრი ასევე შეეხო 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს და განაცხადა, რომ „მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ“.
„ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას“, – განაცხადა მან.
ხაზი გაუსვა რა იმას, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა ხანმოკლე გამოდგა, რადგანაც ბოლშევიკურმა არმიამ 1921 წელს ქვეყანა დაიპყრო, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიული და წელგამართული ქვეყანა“.