Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ურჩევს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ‘სააკაშვილი არ გაიკაროს’

იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო  პოროშენკომ შესაძლოა საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრჩევლად მოიწვიოს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მაგას არ ვუსურვებდი უკრაინას“.

„ჩემი პირველი მეგობრული რჩევა, რაც იქნებოდა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი, იქნება ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ გაიკაროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.   

პოროშენკომ უთხრა ჟურნალისტებს კიევში 25 მაისს, რომ მის მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან; თუმცა, მან არ დააკონკრეტა მათი ვინაობა. „ჩვენ ქართველებთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა პოროშენკომ.

პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც კვირას კიევის მერის არჩევნებში გაიმარჯვა, უთხრა ჟურნალისტებს 26 მაისს, რომ სააკაშვილმა „საკუთარი მომსახურება“ შესთავაზა და რომ ის საქართველოს ყოფილ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძესაც ესაუბრა. „დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანი მზად იქნება დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა კლიჩკომ.

სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის დროებითი მთავრობის ხშირი სტუმარი იყო, განუცხადა  CNBC–ს უკრაინის  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ პოროშენკო მისი „მეგობარია, ვისთან ერთადაც მე ვსწავლობდი, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ; მე მისთვის კამპანიაშიც მივიღე მონაწილეობა ამ არჩევნებზე“.

„მე თვითონ დღეს ღამით კიევში მივემგზავრები და იმედი მაქვს, დავეხმარები პირველი რჩევებით“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ნიუ–იორკიდან საუბრობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 26 მაისს შეეხო ამ საკითხს, როდესაც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობდა.

„ყურადღება მივაქციე კლიჩკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ პოროშენკოს გუნდის ფორმირებისას განიხილება მასში სააკაშვილის ჩართვის საკითხი. აი ის კი ნამდვილად არ უნდა გახდეს შუამავალი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ლავროვმა.