პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას თავისი ბრძანებულებით ერთჯერადად გადაცემს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ უფლების დელეგირება კონტრასიგნაციის წესით უნდა დაადასტუროს.
ის, თუ ვინ მოაწერს ხელს საქართველოს მხრიდან ამ შეთანხმებას, კამათისა და უთანხმოების წყარო გახდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
მთავრობის ზოგიერთი წევრი თავიდანვე აცხადებდა, რომ ხელმომწერი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. ამ ფონზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 20 მაისს პირველად განაცხადა, რომ „უპრიანი“ იქნება, თუ ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოაწერს ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თუმცა გამოთქვა რა ამ თემაზე მთავრობასთან კონსულტაციების სურვილი, იქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხს არ „გამოედავება“. 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავად იქნება ხელშეკრულების ხელმომწერი, რაზეც, მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ და მმართველმა გუნდმა მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტთან არ გაუვლია. ამასთანავე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მთელი რიგი „სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები“ ჩამოთვალა, რის გამოც ჩაითვალა მიზანშეწონილად, შეთანხმებას ხელი არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა მოაწეროს ხელი.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველი შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ 27 მაისს გამართულ ბრიფინგზე, „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არც მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს ერთჯერადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს“.
პატარაიას თქმით, პრეზიდენტი ბრძანებულებას, რომლითაც ხელშეკრულების ხელმოწერის დელეგირებას პრემიერ-მინისტრზე ახდენს, დღესვე გადაუგზავნის მას, რათა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი კონტრასიგნაცია მოახდინოს.
„იმედი გვაქვს, მთავრობასა და პრეზიდენტის შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.