რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ვლადისლავ სურკოვი, რომელიც 28 მაისს სოხუმში ჩავიდა აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მხარეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სურკოვმა პრესასთან საუბარზე უარი თქვა და მხოლოდ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საკომენტარო არაფერია.
ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ: „კომპრომისი არ იქნება – მხოლოდ გადადგომა“.
ოპოზიცია, რომელმაც 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავა, აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვს; ანქვაბს საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც იქ მომიტინგეები შეიჭრნენ.
ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ანქვაბი გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სურკოვი თავის თანაშემწედ სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა. ბოლოს სურკოვი სოხუმს გასულ კვირას სტუმრობდა.