29 მაისს პარლამენტმა 95 ხმით არცერთის წინააღმდეგ მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ საჯარო მოხელეთა მასიური დათხოვნის შესაძლებლობა გამოირიცხა.
ეს საკითხი პარლამენტმა 16 მაისს განიხილა, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო მაშინ კენჭი ვერ უყარა.
ამ ცვლილებებით პარლამენტმა გააუქმა თებერვალში თვითმმართველობის ახალ კოდექსთან ერთიან პაკეტში მიღებული ჯერ არ ამოქმედებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ყველა მოხელე მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა, ხოლო მათი ადგილები კონკურსის გზით უნდა შევსებულიყო – ეს ნორმა გააკრიტიკეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ასევე გასაჩივრებულია, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოში.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მიესალმნენ ამ ნორმის გაუქმებას, როგორც პარლამენტის მიერ „დაშვებული შეცდომის გამოსწორებას“, თუმცა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ გამოხატონ მკაფიო ნება, რომ არჩევნებს მოხელეთა მასიური დათხოვნები აღარ მოყვება.
ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს პოლიტიკური ნიშნით საკადრო ცვლილებების განხორციელებას.
„მასიურ დათხოვნებს ეს ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს“, – განაცხადა საკითხის ინიციატორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გია ჟორჟოლიანმა 16 მაისს საპარლამენტო განხილვის დროს.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ახალი საშტატო განრიგიდან გამომდინარე, რომელსაც თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ დონეზე გარკვეული საკადრო ოპტიმიზაცია მოსალოდნელია.