Site icon Civil.ge

ინციდენტი გარდაბანში

ინციდენტი, რომელსაც ქვემო ქართლის ქალაქ გარდაბანში ჰქონდა ადგილი და რომელიც რამდენიმე მამაკაცს შორის კამათით დაიწყო, 28 მაისს შუაღამისას ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ეთნიკური აზერბაიჯანელებით და ქართველებით დასახლებულ გარდაბანში შესაძლო ეთნიკური დაძაბულობის შესახებ წუხილები წარმოშვა.

ინციდენტთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ინციდენტი თავდაპირველად 28 მაისს ღამის 12 საათზე გარდაბანში მდებარე მარკეტის წინ რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და ქართველებს შორის კამათით დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ინციდენტი უფრო ფართო დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილობრივი ქართველების დიდი ჯგუფი, ძირითადად თავიდან მომხდარ კამათში მონაწილე პირების მეგობრები, გარდაბნის ჩაიხანისკენ დაიძრნენ, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელების ჯგუფი იყო შეკრებილი, რომელთაც, ამავე ინფორმაციით, არაფერი ჰქონდათ საერთო მარკეტის წინ მომხდარ ჩხუბთან; ჩაიხანაში შეკრებილებს შორის ასევე იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.  არასამთავრობოების ინფორმაციის თანახმად, ამის შემდეგ დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, სადაც მონაწილეობას რამდენიმე ასეული ადამიანი იღებდა ორივე მხრიდან.

ადგილზე ადგილობრივი პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო და ხუთშაბათს დილის 5 საათისთვის დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდა.

მეორე დილას რამდენიმე ასეული ადამიანი, ზოგიერთები ჯოხებით და ხის ხელკეტებით, გარდაბნის ცენტრში შეიკრიბა და პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა, ვინც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ჩაიხანაში თავს დაესხა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მომიტინგეებს შეხვდა და უთხრა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და ინციდენტის მონაწილეები პასუხს აგებდნენ.

ხუთშაბათ საღამოს მდგომარეობით, გარდაბანში რაიმე აქცია არ იმართებოდა და ვითარებაც დამშვიდდა.

მანამდე 29 მაისს, ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე, რომ ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა იყო ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ. „ეს თავდასხმა აშკარად ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ძალიან მაღალი ალბათობით, ეს ხალხი დაკავშირებულია ქართული ოცნების  პარტიის ადგილობრივ  წარმომადგენლებთან“, რომლებიც „ეთნიკურ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც“ იყენებდნენ.

საპასუხოდ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში ინციდენტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.  მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს „პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში“. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადეს, რომ ამ „პროვოკაციის“ უკან ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის ოფისის ხელმძღვანელი რამინ ბაირამოვი დგას. ბაირამოვმა უარყო ეს ბრალდება და მას აბსურდული უწოდა.

29 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა, სამოქალაქო განვითარების სააგენტომ და ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ცენტრმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ინციდენტის სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდეს.

„გარდა ამისა, მოვუწოდებთ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და თავი შეიკავონ ინციდენტში ჩარევისაგან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, გარდაბანში 29 მაისს გამართული აქციის დროს პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერიც ჩანდა. არასამთავრობოების თქმით, „ასევე შეიმჩნევა ცალკეულ პირთა მხრიდან კონფლიქტის პროვოცირება რელიგიური ნიშნით, თუმცა ის არ პოვებს მხარდაჭერას შეკრებილთა შორის“.