Site icon Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიას სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვირას ბერლინს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც ის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს 2 ივნისს შეხვდება.

პრემიერი ღარიბაშვილი კანცლერ მერკელს თავის მოლდაველ და უკრაინელ კოლეგებთან, იურიე ლიანკესთან და არსენი იაცენიუკთან ერთად ბერლინში 28 მაისსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან. ის ასევე სიტყვით მიმართავს ქართულ-გერმანულ ბიზნეს ფორუმს.

პრემიერ-მინისტრის თანხმლებ დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ეკონომიკისა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი;  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი; ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია; და პარლამენტის  ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.