Site icon Civil.ge

ვარშავაში გამოსვლისას ობამამ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაიმეორა 4 ივნისს, რომ მისი ახალი ინიციატივა, რომელიც ევროპაში მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოებას გააძლიერებს, ასევე მოიცავს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მათ „საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში“.

ვარშავაში თავისუფალი არჩევნების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, რასაც პოლონეთში კომუნისტური მმართველობის დასრულება მოყვა, პრეზიდენტმა ობამამ დაგმო „რუსეთის აგრესია უკრაინაში“ და განაცხადა, რომ თავისუფალი ერები უნდა „დადგნენ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებას ეძებს“.

დაადასტურა რა აშშ–ის ერთგულება ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მიმართ, ობამამ განაცხადა: „გუშინ, მე განვაცხადე ახალი ინიციატივის თაობაზე ჩვენი ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებისა და ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის მიზნით. კონგრესის მხარდაჭერით, ეს ნიშნავს უფრო მეტ წინასწარ განთავსებულ აღჭურვილობას კრიზისზე სწრაფი რეაგირების მიზნით, და წვრთნებს და ტრენინგებს იმისათვის, რომ ჩვენი ძალები მზად გვყავდეს; ასევე დამატებითი ამერიკულ ძალებს – ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე, მათ შორის აქ, პოლონეთში“.

„ეს ნიშნავს გაზრდილ მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ მეგობრებს, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომ მათ საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ“, – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ობამამ 3 ივნისს მოუწოდა აშშ-ის კონგრესს მხარი დაუჭიროს მის ახალ ინიციატივას ნატოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე და მომავალ წელს გამოიყოს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკის სამხედრო ძალების მუდმივი, ე.წ. როტაციული განთავსება ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და ასევე პარტნიორი ქვეყნების – მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის – დახმარება.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს 2015 წელს მთელი რიგი ზომები მიიღოს, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად ასევე მოიცავს „ახლო მეგობრების, როგორცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ უკეთ შეძლონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მუშაობა, და ასევე უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა“.

4 ივნისს ვარშავაში გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ ასევე განაცხადა: „იქ, სადაც ხალხს აქვს სურვილი რთული სამუშაო შეასრულონ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში – თბილისიდან ტუნისამდე, რანგუნიდან ფრითაუნამდე – მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენს ქვეყნებში“.