ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის წინ რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას უკავშირდება, განაჩენს 3 ივლისს გამოაცხადებს.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი 2007 წლის მარტში წარადგინა 2006 წლის სექტემბრის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.
საქმე მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალ მუხლს, მათ შორის წამების აკრძალვას; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; საკუთრების უფლებას; განათლების უფლებას; სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებას; კოლექტიური გაძევების აკრძალვას და უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს.
2009 წლის ივნისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ დეპორტაციის თაობაზე წარდგენილი სარჩელი დასაშვებად ცნო, ხოლო 2011 წლის იანვარში და თებერვალში, მოსამართლეებმა სტრასბურგში მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს. საქმის საჯარო მოსმენა 2012 წლის ივნისში გაიმართა.
2009 წლის ბოლოს საქმე 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ განიხილა, რომელშიც ასევე შედიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები.
საქმე დიდ პალატას იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ მხარეებს სურთ, რომ ქვედა პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ან თუ ქვედა პალატა, რომელიც ამ საქმეს განიხილავდა, თავად იტყვის უარს საქმის განხილვაზე ზემდგომი ინსტანციის სასარგებლოდ. სწორედ ასე მოხდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო განაცხადის შემთხვევაში. ქვედა პალატის მხრიდან უმაღლესი პალატისადმი საქმის გადაცემა მაშინ ხდება, თუ „კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოიშვება“ ან თუ არსებობს პრეცედენტული სამართლიდან გადახვევის რისკი.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს საქმეც დაშვებულად ცნო და შემდგომი განხილვისთვის დიდ პალატას გადასცა. განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.