Site icon Civil.ge

პეტრიაშვილი: ‘ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს’

საქართველო მზად არის ნატოსთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ ასეთი მზადყოფნა არ არსებობს ალიანსის ზოგიერთი წევრის მხრიდან, რომელსაც გაფართოების მიმართ „ზომიერი დამოკიდებულება“ აქვს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა 25 ივნისს.

მისი თქმით, გაგრძელდება მოლაპარაკებები, რათა „მივიღოთ მაქსიმუმი ამ ზომიერი დამოკიდებულების გათვალისწინებით“, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი შემოთავაზება, მათ შორის საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება, სულაც არ არის ის, რასაც თბილისი ალიანსისგან მოელის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ბრიუსელში 25 ივნისს, სადაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს მართავენ, რომ ნატო ალიანსის სექტემბრის სამიტამდე თანამშრომლობის „არსებით პაკეტს“ შეიმუშავებს, რათა საქართველოს ალიანსთან „დაახლოებაში“ დაეხმაროს; მას არ უხსენებია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რომლის მიღებაც საქართველოს ნატოსგან სურს.

„ნაადრევია საბოლოო დასკვნების გაკეთება ნამდვილად, მაგრამ როგორც ჩანს, ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს“, – განუცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში 25 ივნისს.
 
„ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმუმი ამ ზომიერი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შესაბამისად მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

„დეტალები გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შეთანხმდება მომავალ კვირებსა და თვეებში; თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, ის რაც გაჟღერდა, ის რაც ეხება სამეკავშირეო ოფისის რაოდენობრივ გაზრდას, ეს არ არის ნამდვილად ის, რისკენაც ისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მან.

„როიტერი“ იტყობინებოდა 20 ივნისს ნატოს ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ნატოს 28 წევრიდან, დაახლოებით თორმეტი, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, თავს იკავებენ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე; იმავე წყაროს პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს საჭირო კონსენსუსის მიღწევას. 

„საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების თაობაზე, თუკი ამისთვის მზაობა იქნება ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის მხრიდან. დღეს ჩვენ ვატყობთ, რომ ასეთი მზაობა ცალკეული წევრების მხრიდან არ არის“, – დასძინა პეტრიაშვილმა.

თბილისში 25 ივნისს თავის ლატვიელ კოლეგასთან  რაიმონდ ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მართალია ახლა საქართველო არ არის მზად ნატოს სრული წევრობისთვის, მაგრამ ის მზად არის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

„დღეს საქართველო და ნატო საუბრობენ ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც არის წევრობის სამოქმედო გეგმა – MAP. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად – პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობის დონით – ნატოს წევრები და აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ალასანიამ.

„მე ვთვლი, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი გვკარნახობს, რომ საქართველოსთან უნდა დაიწყოს ძალიან მალე გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები“, – დასძინა მან.