Site icon Civil.ge

იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროში სპეციალური – ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც იმ ასობით კანონსა და რეგულაციას შეიმუშავებს, რაზეც ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით აიღო.

„ჩვენ, დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში ვქმნით სპეციალურ ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს, რომელიც იმუშავებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი კანონების დაახლოებაზე“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს 27 ივნისს ბრიუსელში  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

„დღეს ვზეიმობთ და ხვალიდან ვიწყებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ბრიუსელში.

შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან მთელ რიგ სფეროებში, მოიცავს კანონთა ჩამონათვალს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტულ დროში, რომელთა ვადებიც ორიდან ათ წლამდე მერყეობს  – ეს პროცესი უამრავი რეფორმის განხორციელებას მოითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ დეპუტატებს წინ „შრომატევადი საქმე“ ელით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში“.