Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი მიესალმა რუსეთის ‘თანმხვედრ კონსტრუქციულ ნაბიჯებს’

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა „შეასრულა თავისი პირობა“, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში და დასძინა, რომ მას სურს, რომ „მივესალმო“ მოსკოვის „კონსტრუქციულ პოლიტიკას“.

27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ღარიბაშვილმა განაცხადა: „სწორედ ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფლად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან“.

„ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის გაიხსნა და ჩვენ ვნახეთ არა ერთი თანმხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა მან, „მე მინდა მივესალმო მათ კონსტრუქციულ პოლიტიკას. მათ ის პირობა, რომელიც საჯარო გაახმოვანეს, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ეს პირობა შესრულდა და მე მინდა მივესალმო ამას“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით პრინციპულები მთავარ საკითხში, რომელიც ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ ამაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას; ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენ გავააქტიუროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და დაიწყოს ნდობის აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან იგივე პოზიცია გაიმეორა 27 ივნისს CNBC–სთან ინტერვიუში  და განაცხადა, რომ მისი მთავრობა კონსტრუქციულ პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის მიმართ „დაძაბულობის დეესკალაციის“ მიზნით.

„და რუსეთმაც აჩვენა კონსტრუქციული პოლიტიკა ჩვენს მიმართ და ვფიქრობ, ამან კარგად იმუშავა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „რუსეთმა პირობა დადო, რომ ის არ ჩაერეოდა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების პროცესში და ვფიქრობ, ისინი ასეც მოიქცნენ; ამ ეტაპზე პროცესის გართულების რაიმე ნიშანს ჩვენ ვერ ვხედავთ“.

„ჩვენ ძალიან კონსტრუქციულ პოლიტიკას ვახორციელებთ ყველა მეზობელი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მიმართ. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდა, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს მისწრაფებას, რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.