Site icon Civil.ge

აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოს 29 ივნისს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ესტუმრა დემოკრატი სენატორის,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის ბენ კარდინის ხელმძღვანელობით, რომელმაც საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

დელეგაციაში შედიოდნენ დემოკრატი სენატორი ტომ ჰარკინი, დემოკრატი კონგრესმენი ადამ  შიფი, რესპუბლიკელი კონგრესმენები რობერტ ადერჰოლტი, ფილ გინგრი და დევიდ შვაიკერტი. დელეგაციის წევრები, რომლებიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან ბაქოში გაემგზავრნენ, კვირას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდნენ.

„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ჩამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისი მნიშვნელობის გამო და ამ რეგიონისთვის მისი მნიშვნელობის გამო“, – განუცხადა სენატორმა კარდინმა კვირას გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს.

„ყველა შეხვედრის დროს ჩვენ ხაზი გავუსვით მეგობრობას ორ ქვეყანას შორის, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის და იმას, თუ როგორ ველით ამ ურთიერთობების გაძლიერებას“, – განაცხადა სენატორმა კარდინმა, რომელიც ასევე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.

„უნდა გითხრათ, რომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს  ხელმძღვანელობის ხარისხმა, ერთი ხელისუფლებიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობამ… ჩვენ აქ ადგილობრივი არჩევნებიდან მალევე ჩამოვედით – ვულოცავთ ქართველ ხალხს დემოკრატიის და ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ ერთგულებას“, – განაცხადა მან.

კითხვაზე განიხილეს თუ არა თბილისში გამართული მოლაპარაკებების დროს საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდების საკითხი, კარდინმა უპასუხა: „როგორც პრეზიდენტმა ობამამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება ევროპაში პარტნიორობის მიმართ და ეს ასევე მოიცავს პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში. მე ვიცი, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოს ხელმძღვანელობას და ვაშინგტონის ადმინისტრაციას შორის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დახმარების აღმოჩენა. მე არ ვიცი ამ მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ, მაგრამ ასეთი საუბრები შედგა“.

სენატორი კარდინი ჯონ მაკკეინთან და კიდევ რამდენიმე სენატორთან ერთად იმ კანონპროექტის თანაავტორია, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას  ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში,  კანონპროექტი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა 24 ივნისს მოიწონა, მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელებს 2012 წლის მაგნიტსკის აქტით დაწესებულ სანქციებს და აშშ–ში შესვლას და აშშ–ის ფინანსური ინსტიტუტების გამოყენებას  აუკრძალავს იმ პირებს, ვინც „საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი“.

კითხვაზე, თუ რა როლი ექნება, მიღების შემთხვევაში, ამ აქტს რეგიონში და საქართველოში, სენატორმა კარდინმა უპასუხა: „ეს კანონმდებლობა არ არის მიმართული იმ ქვეყნისადმი, რომლის სასამართლო სისტემა და სამართალდამცავი სტრუქტურები ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს აგვარებენ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად და საქართველო ერთ–ერთი ასეთი ქვეყანაა“.

„ამდენად, კანონპროექტი არ არის მიმართული საქართველოს მსგავსი ქვეყნისადმი, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებს აგვარებს და ავითარებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და ნდობას, რომ ყველა ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, – დასძინა სენატორმა კარდინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის კონგრესმენთა დელეგაციამ გაიმეორა ვაშინგტონის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.