სეპარატისტულმა აფხაზეთმა განაცხადა, რომ თბილისსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უბიძგებს სოხუმს, რომ „დამატებითი ძალისხმევა განახორციელოს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის“.
სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთს „არაფერი აქვს საერთო საქართველო–ევროპის დღის წესრიგთან“.
„სავსებით ნათელია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არ უხსნის საქართველოს ამ სახელმწიფოთაშორის კავშირში წევრობის პერსპექტივებს, მაგრამ ამავე დროს აშორებს მას მეზობელ სახელმწიფოებთან – პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან და აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მართალია თბილისსა და ბრიუსელს შორის გაღრმავებულ პარტნიორობას არ ექნება არსებითი და უშუალო ზეგავლენა აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, მაგრამ დასავლეთის გაძლიერებულმა გეოპოლიტიკურმა ყოფნამ ამიერკავკასიაში და აფხაზეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის, სტრატეგიულმა პოზიციამ დასავლური გავლენის მქონე საზღვარზე რეგიონში შესაძლოა აფხაზეთისგან დამატებითი ძალისხმევა მოითხოვოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ.
ბრიუსელში 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა "ძმებს და დებს" აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და განაცხადა: „ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ… თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ასოცირება უზრუნველყოფს".