Site icon Civil.ge

საპატრიარქო უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმების შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე დროებით დაწესებული მორატორიუმის გაუქმება „დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს“ და ხელისუფლებას სათანადო რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ივნისს არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე შარშან დაწესებული აკრძალვა. მორატორიუმის შესახებ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა, საკონსტიტუციო სასამრთლოში საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ სექტემბერში გაასაჩივრა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს რომ ამჟამად უცხოელებს არანაირი საკანონმდებლო დაბრკოლება არ აქვთ მიწების შეძენის კუთხით.  

„დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხევაში იძულებულია თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ 2 ივლისს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ავტორობით გაავრცელა.

„თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა-დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს; მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის – ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება“, – ნათქვამი განცხადებაში.

პატრიარქის განცხადება ასევე მიესალმება ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის „გამოსწორებისათვის“ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა სხვა ქმედებების განხორციელებისკენ, მათ შორის შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემისკენ მოუწოდებს.

„ამასთან ვთხოვთ ხელისუფალთ – სასწრაფოდ მიიღონ ზომები და, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მითუმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია [საკუთრების უფლების შესახებ, რასაც თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო] ამის შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, „რეგულაციების დადგენამდე“, საპატრიარქო  თხოვნით მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს „შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ“, ხოლო ბიზნესმენებს სოფლის მეურნეობის სფეროში გააქტიურებისკენ და კაპიტალდაბანდებებისკენ მოუწოდებს, რათა ხელი შეუწყონ კონკურენტუნარიანი საექსპორტოს პროდუქციის წარმოებას.

„მივმართავთ მიწათმოქმედთ – მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მას და ამასთან შვილებს შეუნახონ ეს ქონება“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც სასულიერო პირებს აძლევს „ლოცვა-კურთხევას უფასოდ ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, ასევე სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშიროებისაგან“.