Site icon Civil.ge

რუმინეთმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა

რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებებს 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა ხელი.

რუმინეთის სენატმა შეთანხმებების რატიფიცირება 3 ივლისს გამართულ სხდომაზე მოახდინა, რასაც ერთი დღით  უსწრებდა დეპუტატთა პალატის მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილება.

„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუმინეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს ამისთვის. ეს არის ძალიან დიდი მხარდამჭერის, საქართველოს ძალიან დიდი მეგობრის, რუმინეთის ძალიან კეთილი ნება, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოეხდინათ მანამ, სანამ ამას გააკეთებდა საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

მოლდოვას პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 2 ივლისს მოახდინა, ხოლო საქართველოს პარლამენტი დოკუმენტის რატიფიცირებას ივლისში მოგვიანებით გეგმავს.