Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ზვიად ქორიძე დანიშნა

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარედ ზვიად ქორიძე დანიშნა, რომელიც ნოემბერში კომისიის შემადგენლობის განახლების შედეგად მისი წევრი იყო. 

ქორიძემ, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურებს და არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ახალ თანამდებობაზე ასევე ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი შეცვალა, რომელმაც კომისიის თავმჯდომარის პოსტი იმის გამო დატოვა, რომ დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი 15 ივნისის არჩევნებში და მოხვდა თბილისის საკრებულოში. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ელისაშვილს შეწყალების კომისიაში „ურთულესი საქმისა და მუშაობის გაწევისთვის“ მადლობა გადაუხადა და ზვიად ქორიძეს წარმატებები უსურვა.

„შეწყალების კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს და, ბუნებრივია, იმუშავებს იმ პრინციპებით, რომლებითაც აქამდე მუშაობდა. ჩვენი ძირითადი მიზანი არის შეწყალება, ლმობიერების გამოჩენა და ჰუმანური პრინციპების დანერგვა ჩვენს სახელმწიფოში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 4 ივლისს კომისიის ახალი ხელმძღანელის წარდგენისას.