Site icon Civil.ge

უკრაინის იუსტიციის და ინფრასტრუქტურის მინისტრები საქართველოს სტუმრობენ

უკრაინის იუსტიციის მინისტრი პავლო პეტრენკო და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაქსიმ ბურბაკი 3–6 ივლისს თბილისში იმყოფებიან ვიზიტით.

მინისტრებმა 4 ივლისს საქართველოს პრემერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარებული მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილის დავალებით „იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში გაემგზავრება და საქართველოს გამოცდილებას უკრაინელ კოლეგას ადგილზე გაუზიარებს“.

ამავე ინფორმაციით,  „საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფები შეიქმნება, რომელთა მუშაობაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან“.

„დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მთავრობათაშორისი ურთიერთობებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, რასაც უკრაინის დელეგაცია კმაყოფილებით შეხვდა“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პავლო პეტრენკომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ეფექტური და სწრაფი რეფორმები სჭირდება და საქართველო ამ კუთხით მას გამოცდილებას გაუზიარებს.

საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე უკრაინის მთავრობის საერთაშორისო ექსპერთა საბჭოს ერთ–ერთი წევრია ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში ბოლო დროს რამდენჯერმე სტუმრობდა უკრაინას მოქალაქეებისთვის საჯარო მომსახურების გაწევისას ბიუროკრატიული პროცედურების შემცირების მიზნით გამოცდილების გასაზიარებლად.  იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს ვაშაძე საქართველოში იუსტიციის სახლების განვითარებას კურირებდა.

„იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას განახორციელებს იმისთვის, რომ ყველა ის რეფორმა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის შემდეგ განახორციელა საკუთარი მოქალაქეებისთვის და რომელსაც ჩვენ უკვე 18 თვეა ვაგრძელებთ და ვანვითარებთ და ძალიან ბევრი სიახლეც შემოვიტანეთ, ამ ყველაფრის გაზიარება მოხდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფარგლებში  და არა სხვაგვარად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 4 ივლისს უკრაინელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინელი მინისტრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბათუმსაც ეწვევიან.