ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს რა 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნას, აცხადებს, რომ ცესკოს მიერ 3 ივლისს „კანონის უხეში დარღვევით“ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნაციონალური მოძრაობა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ცესკოს და მის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ბრალს დებს იმაში, რომ „ივანიშვილის „ოცნებების“ ასრულების იარაღად“ იქცნენ და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადების დაუცველად, დაჩქარებულად დანიშნეს.
ამ ბრალდებების საპასუხოდ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 4 ივლისს განმარტა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, რადგან „საოლქო საარჩევნო კომისიებს შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები მიღებული აქვთ არჩევნებიდან მე-11 დღეს (26 ივნისს), შესაბამისად ამ ოქმების გასაჩივრების ვადები ამოიწურა გუშინ“.
კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებს შესაბამისი საოლქო კომისიები აჯამებენ და მათ ცესკო ადგენს. ცესკოს კომპეტენციაში მხოლოდ თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება შედის, რაც მან 27 ივნისის სხდომაზე გააკეთა.
მეორე ტურის თარიღი ცესკომ 3 ივლისის სხდომაზე გვიან საღამოს დაამტკიცა. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მეორე ტურის თარიღად კოლეგებს 16 ივლისი შესთავაზა, თუმცა ცესკომ 7 ხმით 5–ის წინააღმდეგ 12 ივლისს მიანიჭა უპირატესობა – ცესკოს ექვსივე წევრმა ქართული ოცნებიდან და ასევე ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიძემ მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნას დაუჭირეს მხარი.
მართალია თამარ ჟვანიას თავად არ მიუცია ხმა ცესკოს გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, „ეს არის იაფფასიანი სპექტაკლი მიმართული პირადი ავტორიტეტის გადასარჩენად და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თვალში იმიჯის შესანარჩუნებლად“ და „პასუხისმგებლობა ნამდვილად პირადად“ მას ეკისრება, რადგან „ის, როგორც სხდომის წამყვანი და თავმჯდომარე, ვალდებული იყო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ დაესვა კენჭისყრაზე და საერთოდ მოეხსნა განხილვიდან“.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობა, რომლის საარჩევნო შტაბის უფროსიც გიგი უგულავა ცესკოს მეორე ტურის თარიღის დასახელებას ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში თხოვდა, აცხადებს, რომ „თარიღის დაჩქარება პირდაპირ კავშირშია გიგი უგულავას დაპატიმრებასთან“. უგულავა 3 ივლისს დააკავეს ფულის გათეთრებისა და ასევე მარნეულის საოლქო კომისიაში მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებული ბრალდებებით; მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
„საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის [უგულავას] დაკავების პირობებში, როდესაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება სასამართლო სხდომა, ცხადია რომ პარტია საგანგებო რეჟიმში იქნება და მეორე ტურამდე დარჩენილი 8 დღე არ იქნება არანაირად საკმარისი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მეორე ტურში ოთხ ქალაქსა და ხუთ მუნიციპალიტეტში იბრძოლებს ქართული ოცნების კანდიდატების წინააღმდეგ. დანარჩენ 12 ოლქში ქართულ ოცნებას სხვა პარტიების წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.