Site icon Civil.ge

ევროკავშირის განცხადება უგულავას დაკავების შესახებ

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს  თვალს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების საკითხს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს, რომ „სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს“.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს გიგი უგულავას დაკავებას თბილისის აეროპორტში 3 ივლისს. აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. ვიხსენებთ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ”, – ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს, საქართველოს იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც მან 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 4 ივლისს გამოქვეყნდა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა; ამ საქმის სასამართლო მოსმენა პარასკევს საღამოს არის დაგეგმილი.