თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2 ივლისს წარდგენილ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით.
ახალი ბრალდებების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს ახალაიამ, როგორც პროკურატურამ განაცხადა, რამდენიმე პირის „წამების ორგანიზება“ და ასევე დაკავებულის „სექსუალური ძალადობის ორგანიზება“ განახორციელა რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით.
ახალაიას დაცვის მხარე, რომელიც ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და პატიმრობის სანაცვლოდ 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას თხოვდა სასამართლოს, აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას „დიდი ალბათობით“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, ახალი ბრალდებების წარდგენა ემსახურებოდა ბაჩო ახალაიას საპატიმროში დატოვების მიზანს, რადგან მას სხვა საქმეზე შეფარდებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 26 ივლისს ეწურება.
ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესები და რამდენიმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ის გაამართლეს სამსახურებლივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების ბრალდებებთან დაკავშირებით ოთხ ცალკე საქმეზე.
ოქტომბრის ბოლოს ახალაია 2006 წელს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის დროს პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიწყალა.
მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა, ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რომელიც მას 2013 წლის ოქტომბერში წაუყენეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც მის სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდს უკავშირდება; სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესი ასევე მიმდინარეობს ცალკე საქმეზე, რომელიც წამების ბრალდებას მოიცავს და რომელშიც პროკურატურა ახალაიას 2006 წელს ექვსი პატიმრის ცემაში ადანაშაულებს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის პერიოდში.