საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 6-8 ივლისს აზერბაიჯანს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ოქტაი საბირ ასადოვს, ასევე პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდება, მისი პრესსამსახურის თანახმად.
უსუფაშვილმა ბაქოს აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა იგეგმება.
„ჩვენ ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი საკითხია, რომლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთგაგება და რომლებშიც ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამიტომ საკითხები იქნება როგორ ეკონომიკური, ისე სამართლებრივი, რადგან საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენთან ცოტა იცვლება სამართლებრივი სივრცე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოახდენს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან, აზერბაიჯანთან. მაგრამ ჩვენ გვინდა ყველა ეს საკითხი განვიხილოთ დეტალებში, რათა… ორივე ქვეყანამ აქედან სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ბაქოში სტუმრად მყოფ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან დეპუტატები ზვიად ძიძიგური, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, გუბაზ სანიკიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და კახაბერ ოქრიაშვილი.