საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვეს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
შევარდნაძის ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კრწანისის რეზიდენციასთან, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტი იყო „მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საბჭოთა სისტემის დემონტაჟში“.
„უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოში გაიხსენებენ „ცივი ომის“ დასრულების, „ბოროტების იმპერიის“ დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის ერთ-ერთ ავტორს. ამ პროცესით მან მშვიდობიანი განვითარების ახალი შანსი მიუტანა მსოფლიოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა მოგვიანებით თავის წერილობით განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნა, რომ შევარდნაძემ „მართვის არაორდინალური სტილით, გამორჩეული და თვითმყოფადი პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა“.
„მისი პრეზიდენტობის დროს დამოუკიდებელმა საქართველომ პირველად გამოაცხადა ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის უმთავრეს საფუძვლად აღიარა დასავლურ ფასეულობათა უზენაესობა“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში".
„ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა "ცივი ომის“ დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში“, – ნათქვამია ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში თბილისში 7 ივლისს გარდაიცვალა.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახელმწიფო დამკრძალავი კომისია. „დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.