საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით 7 ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
დელეგაცია ასევე შეხვდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს, ასევე პრემიერ–მინისტრ არტურ რასი-ზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს.
თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის „ძალიან კარგ“ ორმხრივ ურთიერთობებს.
„მაგრამ არის ძალიან ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი გახდეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება, ხდება საყურადღებო მოვლენები, რომელსაც ორი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შევეხმიანოთ ხოლმე, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთხეები, თუ ასეთი გამოჩნდა და ვისარგებლოთ ახალი შანსებით, როდესაც ასეთი გამოჩნდება ხოლმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი „ბუნებრივი პარტნიორები“ არიან განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ევროპაც და აზიაც ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებს ეძებენ.
„ჩვენ შევეხეთ იმ ახალ პროექტებს და გეგმებს, რომლებიც შეიძლება იყოს განსაკუთრებით საინტერესო ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ამასთანავე ვიცით, რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტები, ეს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების უსაფრთხოებას და სტაბილურობას“.
მისი თქმით, ქართველ დეპუტატებს „ძალიან თბილი შეხვედრა“ ჰქონდათ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა გამოთქვა მზაობა, რომ „კიდევ უფრო გაღრმავდეს“ საქართველოსთან თანამშრომლობა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქართული ოცნების დეპუტატები, ვიცე–სპიკერი ზვიად ძიძიგური; პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე; მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარების თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი.
აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა ჟურნალისტებს ბაქოში, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მოყვება გარკვეული ცვლილებები საქართველოს „სამართლებრივ სივრცეში“, მაგრამ „ეს არავითარ შემთხვევაში არ მოახდენს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან, აზერბაიჯანთან“.
„მაგრამ ჩვენ გვინდა ყველა ეს საკითხი განვიხილოთ დეტალებში, რათა… ორივე ქვეყანამ აქედან სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.