საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ 27 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს გეგმავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, აპირებს პრეზიდენტს ამ მიზნით საგანგებო სესიის მოწვევის თხოვნით მიმართოს, ვინაიდან საგაზაფხულო სესიის პერიოდი ამოწურულია. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს სარატიფიკაციო ტექსტს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.
დავით უსუფაშვილმა ამის შესახებ 9 ივლისს თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, ბოგდან ბორუსევიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ დაიგეგმა პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობა, რათა „საქართველოს პარლამენტმა სწრაფად და ხარისხიანად მოახერხოს იმ სტანდარტების დანერგვა ქართულ კანონმდებლობაში, რასაც ევროკავშირთან ასოცირება გვავალდებულებს“.
ბოგდან ბორუსევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რატიფიცირებას გაუკეთებს.
საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებები ამ დრომდე ევროკავშირის ორ ქვეყანას აქვს რატიფიცირებული; რუმინეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გასულ კვირას შეთანხმებათა რატიფიცირება მოახდინა. ლიტვამ ეს პროცედურა მიმდინარე კვირაში განახორციელა.
შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების რატიფიცირებას, მაგრამ მის ძალაში სრულად შესვლამდე, გათვალისწინებულია დროებითი გამოყენების წესი, სანამ ევროკავშირის ყველა წევრი და ევროპარლამენტი რატიფიკაციის პროცესს დაასრულებენ.
საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ დროებითი გამოყენება, შესაძლოა, დაახლოებით 2014 წლის ოქტომბრისთვის დაიწყოს.