Site icon Civil.ge

აპატურაი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ‘არსებითი პაკეტის’ დეტალებზე მჯელობს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისში 9 ივლისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა იმ პაკეტის დეტალები განიხილოს, რომლის შემოთავაზებასაც ნატო საქართველოსთვის უელსში ალიანსის სექტემბრის სამიტზე გეგმავს.

უელსის სამიტზე ნატო საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) არ შესთავაზებს – MAP-ი არის ეტაპი, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ ალიანსში წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაიაროს. სანაცვლოდ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ივნისში, რომ საქართველოს, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, „არსებით პაკეტს“ შესთავაზებენ,  რათა მას ალიანსთან „დაახლოებაში“ დაეხმარონ.

„ჩამოვედი იმიტომ, რომ გენერალურმა მდივანმა დამავალა ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, რათა მოვამზადოთ ის პაკეტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა ინიცირებული“, – განუცხადა აპატურაიმ ჟურნალისტებს 9 ივლისს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.
   
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც სამიტზე ვიხილავთ, იქნება გადაწყვეტილებები, რასაც მოყვება ნატოს უფრო მეტი წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს უფრო მეტი წარმომადგენლობა ნატოს დისკუსიებში, ნატოს პროგრამებში და საქმიანობაში და რაც საქართველოს კიდევ უფრო წინ წაწევს იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ბუქარესტში გადავწყვიტეთ [ნატოს 2008 წლის სამიტზე]“, – განაცხადა აპატურაიმ.

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი“, – განაცხადა აპატურაიმ და „სრული დარწმუნებით“ გაუსვა ხაზი, რომ სამიტამდე ჩამოყალიბდება ამ პაკეტის შემადგენელი წინადადებები და „იქნება რეალური პროგრესი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა: „მოკლედ ამ პაკეტის აღწერა შეიძლება ასე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი ნატოში, ხოლო ნატო ძალიან მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი საქართველოში. კიდევ უფრო მეტი საქართველო ნატოში და კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში“. 

„ამ პაკეტში არის ძალიან კონკრეტული და ძალიან პრაქტიკული და ძალიან  მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიც არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, როგორიც არის ჩვენი ჩართვა სტრატეგიულ დიალოგებში, ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ნატოში და ასე შემდეგ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 9 ივლისს ასევე შეხვდა აპატურაის, განაცხადა: „ეს პაკეტი შეიცავს რამდენიმე ელემენტს. საქართველო იქნება უფრო დაცული ამ შემოთავაზებებით, უფრო უსაფრთხო და რაც მთავარია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი უახლოეს პერიოდში გახდეს“.

მანამდე 9 ივლისს ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ასევე შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

როდესაც მას გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ჰკითხეს, აპატურაიმ უპასუხა: „ამოსავალი ნატოსთვის არის ის, რომ სასამართლო პროცესი უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან, კანონს პატივი უნდა სცენ და, როგორც გენერალურმა მდივანმა უკვე ბევრჯერ განაცხადა, თავიდან უნდა იქნას აცილებული პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღქმაც კი. მე ვნახე დამკვირვებლების, მათ შორის აშშ–ის ელჩის, საჯარო განცხადებები. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის არც რეალობა და არც აღქმა არ უნდა იყოს. რომელიმე ინდივიდუალურ საქმეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.