ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ის მეუფე იაკობის წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიებს სწავლობს იმასთან დაკავშირებით, რომ მან 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია.
მეუფე იაკობმა 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ამომრჩეველებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები „ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადგნენ“ და სხვას დაუთმონ გზა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს საარჩევნო კამპანიის წარმოებას რელიგიური ორგანიზაციების მიერ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაში გაკეთებულ განცხადებებში „კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა“, რაზეც მათ ცესკოს საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
„ცესკომ, ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება“, – განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ეკა აზარაშვილმა 9 ივლისს.
მისი თქმით, ქორეპისკოპოს იაკობის სახელზე გაგზავნილია წერილი, სადაც მას ეთხოვა ხუთი დღის ვადაში წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა. „შესაბამისად ჩვენ დაველოდებით ამ წერილზე პასუხს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ცესკო საქმის გარშემო არსებულ ყველა გარემოებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.