აშშ სატრანსპორტო სარდლობის მეთაური, გენერალი პოლ სელვა, 9-11 ივლისს საქართველოს სტუმრობს, რათა „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების მომავალი შესაძლებლობები შეისწავლოს“, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი სელვა საქართველოს ხელისუფლების და სამხედრო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.
„შეხვედრების ფარგლებში განიხილება მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა და წვრთნები. აგრეთვე საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების (ISAF) მისიაში ავღანეთში. აგრეთვე ISAF -ის ჩრდილოეთ განაწილების ქსელის გზის ლოჯისტიკური საკითხები“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ ხუთშაბათს.