პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 12 ივლისს დანიშნულ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
შაბათს მეორე ტური დედაქალაქის და შვიდი თვითმმართველი ქალაქის მერის, ასევე 13 მუნიციპალიტეტის გამგებლის გამოსავლენად ჩატარდება ქართული ოცნებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს შორის, რადგან შესაბამის ოლქებში 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერ იქნა დაძლეული.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ,“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 10 ივლისს ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მეორე ტურის შანსებზე ჰკითხეს.
თავის კომენტარში მან აქცენტი თბილისზე გააკეთა, რომლის მერობის კანდიდატებმა დავით ნარმანიამ ქართული ოცნებიდან და ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობიდან 9 ივლისს ერთსაათიანი პირდაპირი ტელედებატები გამართეს, რომლის ფარგლებშიც თავიანთ საპროგრამო გამოსვლებთან ერთად ასევე უპასუხეს ჟურნალისტების და ერთმანეთისთვის დასმულ შეკითხვებს.
„მიმაჩნია, რომ პრობლემა არ იქნება თბილისში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის შეფასებითაც, დებატებში ნარმანიამ „ღირსეულად დაამარცხა თავისი კონკურენტი“.
მან ასევე გაიხსენა „რთული კოჰაბიტაციის“ პერიოდი, რა დროსაც, მისი თქმით, თბილისის მერია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა, „მიზანმიმართულ საბოტაჟურ პოლიტიკას ახორციელებდა“ და „არ აკეთებდა არაფერს თბილისში“.
„თქვენ თუ გსურთ, რომ კვლავაც საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ მიეცით ხმა მელიას; თუ გსურთ, რომ მისცეთ ხმა განვითარებას, უნდა მისცეთ ხმა დავით ნარმანიას და იგივე მინდა ვთქვა სხვა დანარჩენ რეგიონებზეც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებით, მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს, ერთხელ და სამუდამოდ; კოჰაბიტაციას დავასრულებთ და ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და რაიონში გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი“, – განაცხადა მან.