ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პარტიების აქტიურობით არ გამოირჩეოდა, განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 11 ივლისს გამოქვეყნებულ თავის წინასაარჩევნო ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 115 შეხვედრაზე, რომლებიც იმ 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართა, სადაც 12 ივლისს მერებისა და გამგებლების ასარჩევად მეორე ტურია დანიშნული, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
„სამართალიანი არჩევნები“ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მეორე ტურის წინ დაპატიმრებას „უარყოფითად აფასებს“ და აცხადებს, რომ ეს იყო მთავრობის მიერ კამპანიის პერიოდში არჩევნებში ჩართული პირების სამართლებრივ დევნაზე გამოცხადებული "მორატორიუმის პირობების დარღვევა", ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციის აზრით, არსებობს კითხვის ნიშნები თბილისის ყოფილი მერის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე გმობს, 4 ივლისს უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციის მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის „უკანონოდ“, „კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების დარღვევით“ დაკავებას. დეპუტატი ბეჟაშვილი, რომელსაც პარლამენტის თანხმობის გარეშე დაკავებისგან იმუნიტეტის იცავს და რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ დადასტურა, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ სამართალდამცავებს.
ამასთან, "სამართლიანი არჩევნები", რომელიც მეუფე იაკობის ქადაგების წინააღდეგ საჩივრის ერთ-ერთი ავტორია, ამ ფაქტს თავის ანგარიშშიც აღნიშნავს, როგორც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველ პრობლემურ შემთხვევას.
მეუფე იაკობმა 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ამომრჩეველებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“. ეს „აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები“ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო კოდექსის დარღვევად შეაფასეს, ვინაიდან კანონი რელიგიური ორგანიზაციებს აგიტაციას უკრძალავს და ცესკოს 8 ივლისს რეაგირებისკენ მოუწოდეს. ცესკომ ამ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება 9 ივლისს დაიწყო.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი სათანადოდ იქნება შესწავლილი და მიგვაჩნია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც უშუალოდ ევალება კანონსაწინააღმდეგო აგიტაციაზე რეაგირება, მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს ამ საკითხის მიმართ, უზრუნველყოს კანონისადმი თანასწორობა და საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფო განვითარებისთვის“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
„სამართლიანი არჩევნები“ 12 ივლისს დანიშნულ მეორე ტურს ყველა ოლქში გაუწევს მონიტორინგს 740-მდე სტატიკური დამკვირვებლისა და 32 მობილური ჯგუფის მეშვეობით.