Site icon Civil.ge

შსს–ს თქმით, ამოღებულია 2.79 ტონა თხევადი ჰეროინი

დაახლოებით 2.79 ტონა თხევადი ჰეროინი იქნა ამოღებული სატვირთო მანქანიდან, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს.

უწყების ცნობით, ეს საქართველოში აქამდე აღმოჩენილი ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს. 

შსს–ს ინფორმაციით, ტვირთი, რომლის საბაზრო ღირებულება „ასეულობით მილიონ დოლარს“ შეადგენს, თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა.

წინა შემთხვევას, როდესაც სომხეთიდან საქართველოში შემოსული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დროს 116 კილოგრამი ჰეროინი იქნა აღმოჩენილი, 2013 წლის ივლისში ჰქონდა ადგილი.

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წელს მიმოიხილავს, საქართველო „ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“ სხვა ქვეყანაში წარმოებული უკანონო ნარკოტიკებისთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთისკენ. ხანდახან ამ მარშრუტით ნარკოტიკები გადააქვთ საერთაშორისო სატრანზიტო რეისების განმახორციელებელ სატვირთო მანქანებს, რომლებიც საქართველოს გავლით შავი ზღვის საბორნე გადასასვლელებით უკრაინაში, მოლდოვასა ან ბულგარეთში მიმართებიან“,  – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვარზე უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებულმა ზომებმა და გამოძიების და კონტროლის მიმართ უფრო პროაქტიულმა მიდგომამ „ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია“. 

ნარკოტიკების ამოღების ამ ფაქტებმა „აჩვენა, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსული საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მზარდ პრიორიტეტს ანიჭებს ნარკოტიკების აკრძალვას. ნარკოტიკების ამოღების საერთო მაჩვენებელი წინა წლებში უმნიშვნელო იყო (სულ 2011 და 2012 წლებში 1 კილოგრამზე ნაკლები ჰეროინი, მარიხუანა და სინთეტიკური ნარკოტიკი იქნა ამოღებული, თითოეული)“, – ნათქვამია ანგარიშში.