ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რომელიც „მცირე რაოდენობის დარღვევებით“ ჩატარდა, საქართველოში „კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს“ ასახავს, მაგრამ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლებრივმა ქმედებებმა „დაძაბა წინასაარჩევნო გარემო“, ნათქვამია აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების მიერ კვირას გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
სამი საელჩო 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებსა და 12 ივლისის მეორე ტურს ერთობლივად აკვირდებოდა.
„ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომლის დროსაც პირველად, ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს ყველა მერი და გამგებელი. შაბათს ჩატარებული მეორე ტურის არჩევნები ასახავს კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
12 ივლისის მეორე ტურს საელჩოების 56 წარმომადგენელი აკვირდებოდა არჩევნებს, რომელთაც 10 საარჩევნო ოლქი მოიარეს და 300–ზე მეტი უბანი მოინახულეს.
„ჩვენ მივესალმებით სხვა საერაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ძალისხმევას. მათთან ერთად, ჩვენი დამკვირვებლებიც აღნიშნავენ ზოგადად არსებულ მშვიდ საარჩევნო გარემოს, მათ მიერ მიმოხილულ 1525 უბანზე, მცირე რაოდენობის დარღვევებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ვულოცავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათ პროფესიონალიზმს, რაც აისახა მიმდინარე არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებისას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა ყოფილი თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ კვლავ თხოვნით მივმართავთ მთავრობას, შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარი პროცედურების წარმოებისას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან“.
„ახლა, როდესაც უკვე არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩევნ ველით თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც კიდევ ერთხელ გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მიმართული იქნება საქართველოს მომავლისკენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.