2.79 ტონა თხევადი ჰეროინი, რომელიც პოლიციამ გასულ კვირას ამოიღო, ავღანეთიდან შემოვიდა ირანის და აზერბაიჯანის გავლით და ევროპაში მისი შეტანა იყო გამიზნული, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 14 ივლისს.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი თხევადი ჰეროინით სავსე კასრი ამოიღეს, რაც შსს–ს ინფორმაციით, საქართველოში აქამდე აღმოჩენილი ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული საქმესთან დაკავშირებით.
მინისტრმა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების ამოღება „რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგია“.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. მე მგონი, ბევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ დაიკვეხნის ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების ამოღებას“, – დასძინა მან.
წინა შემთხვევას, როდესაც სომხეთიდან საქართველოში შემოსული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დროს 116 კილოგრამი ჰეროინი იქნა აღმოჩენილი, 2013 წლის ივლისში ჰქონდა ადგილი.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა 14 ივლისს მთავრობის სხდომაზე, რომ შარშან 116 კგ ჰეროინის ამოღება რეკორდული მაჩვენებელი იყო.
„ახლა ლექსომ [ალექსანდრე ჭიკაიძემ] უკვე მოხსნა ეს რეკორდი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ბოლო ფაქტი აჩვენებს საქართველოს მთავრობის ნებას, რომ „ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს უკომპრომისო“.
„ეს ჩვენ ქვეყანას აძლიერებს და ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება საბოლოო ჯამში“, – დასძინა მან.
ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წელს მიმოიხილავს, საქართველო „ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“ სხვა ქვეყანაში წარმოებული უკანონო ნარკოტიკებისთვის.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთისკენ. ხანდახან ამ მარშრუტით ნარკოტიკები გადააქვთ საერთაშორისო სატრანზიტო რეისების განმახორციელებელ სატვირთო მანქანებს, რომლებიც საქართველოს გავლით შავი ზღვის საბორნე გადასასვლელებით უკრაინაში, მოლდოვასა ან ბულგარეთში მიმართებიან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვარზე უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებულმა ზომებმა და გამოძიების და კონტროლის მიმართ უფრო პროაქტიულმა მიდგომამ „ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია“.
ნარკოტიკების ამოღების ამ ფაქტებმა „აჩვენა, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსული საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მზარდ პრიორიტეტს ანიჭებს ნარკოტიკების აკრძალვას. ნარკოტიკების ამოღების საერთო მაჩვენებელი წინა წლებში უმნიშვნელო იყო (სულ 2011 და 2012 წლებში 1 კილოგრამზე ნაკლები ჰეროინი, მარიხუანა და სინთეტიკური ნარკოტიკი იქნა ამოღებული, თითოეული)“, – ნათქვამია ანგარიშში.