Site icon Civil.ge

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ესტუმრა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურაი მაქქალიმ 14 ივლისს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.   

ეს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაქქალი თბილისს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა, რომელიც ასევე მოიცავდა ვიზიტებს მონტენეგროსა და ხორვატიაში.

თბილისში მან შეხვედრები გამართა თავის ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და საქართველო „თანამშრომლობენ წყნარი ოკეანის“ რეგიონში. 

„ჩვენ წყნარი ოკეანის რეგიონში ბევრი უფრო მცირე ქვეყანა გვაქვს, რომელთაც დიდად აინტერესებთ განვითარება მსოფლიოს ამ ნაწილში“, – განაცხადა მაქქალიმ და იმედი გამოთქვა, რომ თავის ქართველ კოლეგას წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმზე იხილავს, რომელიც წელს მოგვიანებით პალაუში გაიმართება.

საქართველომ კონტაქტების გაძლიერება ოკეანეთის ქვეყნებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც წყნარი ოკეანის რამდენიმე მცირე კუნძულოვანმა სახელმწიფომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. 2011 წელს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით ავსტრალიას და ახალ ზელანდიას ესტუმრა, რასაც შემდეგ მოყვა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი იმავე ქვეყნებში და ასევე ფიჯიში. შარშან საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ვანუატუსთან, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა, რითიც წერტილი დაესვა ვანუატუს მიერ 2011 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების ირგვლივ არსებულ გაურკვევლობას. 2014 წლის მარტში წყნარი ოკეანის კიდევ ერთმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ტუვალუმ უკან წაიღო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა ახალ ზელანდიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერის“ გამო და განაცხადა, რომ საქართველო ახალ ზელანდიას მიიჩნევს პარტნიორად არა მხოლოდ წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში მის ქვეყანას სურს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილოს ყურადღება. „მიმაჩნია, რომ უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს ჩვენი თანამშრომლობისთვის ამ სფეროში“, – განაცხადა მაქქალიმ.