Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა კიწმარიშვილის ‘საზარელი მკვლელობის’ უსწრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამო და სამართალდამცავებს „ამ საზარელი მკვლელობის“ სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

საქართველოს უკანასკნელი ელჩი რუსეთში და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 15 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ცნობით, კიწმარიშვილს, რომლის ცხედარსაც ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თავის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო იარაღი, საიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა და რომელიც კიწმარიშვილმა 15 ივლისს დაირეგისტრირა. პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე არსებულმა ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა საქმის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძვრა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გამოძიება ამოწმებს და განიხილავს მომხდარის სხვადასხვა ვერსიებს. 

„მე მინდა ბატონი ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 15 ივლისს საღამოს ჟურნალისტებს ბათუმში, „აუცილებლად უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს“.   

„ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგის განცხადება“, – განუცხადა 16 ივლისს ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რა პრეზიდენტის ფორმულირება „საზარელ მკვლელობასთან“ დაკავშირებით.

„მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კალაძემ.