Site icon Civil.ge

ბულგარეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისარი პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრებიან

ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრებიან, სადაც 18 ივლისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდება.

ევროკომისარი ფულე, ასევე ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები კრისტიან ვიგენინი და ედგარს რინკევიჩსი, შესაბამისად, სიტყვით გამოვლენ პარლამენტის სხდომაზე, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც 27 ივნისს მოეწერა ხელი, საპარლამენტო კომიტეტებმა ქუთაისში ხუთშაბათს იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს შეთანხმებას დეპუტატებს; ასევე იგეგმება პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში.

ვიზიტის დროს ევროკომისარი ფულე საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი ფინანსური დახმარების შესახებ გააკეთებს განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ვაჭრობის, კერძო სექტორის განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისკენ, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებას დაეხმარება, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია.

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება უკვე მოახდინეს რუმინეთმა, ლიტვამ და ლატვიამ. შეთანხმებას რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა გაუკეთოს. თუმცა ვიდრე ეს პროცედურები დასრულდება, შეთანხმების დროებით გამოყენება მოხდება.