საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვეს მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს მომხდარი კატასტროფის გამო.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის წერილობით განცხადებაში, გულწრფელი სამძიმარი გამოხატა ყველა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთა მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ კატასტროფას.
„მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას“, – ნათქვამია 18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
იმავდროულად, საქართველოს პარლამენტმა პარასკევს რიგგარეშე სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატების სახელით „უკიდურესი მწუხარება“ გამოხატა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარის გამო, სადაც „საომარი მოქმედებები ხორციელდება სეპარატისტების, ტერორისტების მიერ და გარე ძალების მხარდაჭერა ამ საკითხში სრულიად აშკარაა“.
„საქართველოს პარლამენტი ერთხმად ვუერთდებით მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, ყველა მოქალაქის ერთსულოვან განწყობას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე პირები, პოლიტიკური ძალები თუ სახელმწიფოები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა,
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებებში გამოხატეს.
უკრაინის ხელისუფლებამ პრორუსი სეპარატისტები დაადანაშაულა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში იმ ტერიტორიაზე, სადაც პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს „ტერორისტული აქტი“ იყო.
კრემლი იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით: „ეს ტრაგედია არ მოხდებოდა იმ ქვეყანაში მშვიდობა რომ ყოფილიყო, ან რომ არ განახლებულიყო საომარი მოქმედებები უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთით. და რა თქმა უნდა, ამ საშინელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეკისრება, რომლის ტერიტორიაზეც ეს მოხდა“.