აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც 18 ივლისს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრო, მოუწოდა საქართველოს, რომ „ფოკუსირება მომავალზე მორგებულ დღის წესრიგზე მოხდეს“.
„რატიფიკაცია, რომელიც პოლიტიკურ სეზონში არჩევნებით გამოწვეულ „პაუზას“ მოჰყვა, წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რათა ფოკუსირება მომავალზე მორგებულ დღის წესრიგზე მოხდეს, რაც გაზრდის პოლიტიკურ სტაბილურობას, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, გააფართოვებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა მან.
„მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული გამოწვევებით საქართველოს მთელი ენერგია მომავალზე ფოკუსირებაზე უნდა იყოს გადატანილი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად დაუჭერს მხარს ამ გზას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.